top_leaderboard

კობა კობალაძემ ბუნდესვერში ვეტერანთა ბიუროს ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გამართა ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ კრაუსესთან და მის მოადგილესთან, ვიცე-პოლკოვნიკ სილვია მელთან”,- ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

“შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე, ესწრებოდა თავდაცვის ატაშე გერმანიასა და შვეიცარიაში, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გერმანელმა მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს, გერმანიის ვეტერანთა ბიუროს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს; გააცნეს მუშაობის სპეციფიკა, ადმინისტრაციული მოწყობა და ის პროგრამები, რომლებიც გერმანელ ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაა შემუშავებული.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 10 მილიონი ვეტერანია. ქვეყანაში ვეტერანის სტატუსი ენიჭება ყველა იმ პირს, ვინც სამხედრო სამსახურში 2 წელი იმსახურა. ბუნდესვერის ვეტერანთა ბიურო 2024 წელს ჩამოყალიბდა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როგორც გერმანელმა მასპინძლებმა აღნიშნეს, ქართული დელეგაცია,ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროში, იყო პირველი საერთაშორისო ვიზიტორი.

კობა კობალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი მასპინძლებს სამსახურის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს ის პროგრამები, რომლებიც ქართველ ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე, კერძო სექტორის ჩართულობითაა შექმნილი.

მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის სფეროებზე, ურთიერთობის გაფართოებაზე, რაც სხვადასხვა მიმართულებით, ერთობლივ პროექტებს გულისხმობს. კობა კობალაძემ, მასპინძლებს განუცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის ათწლეულების მანძილზე, პარტნიორული, შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობებია და ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი ქვეყნისთვის. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს, ისევე, როგორც ქართველ და გერმანელ ვეტერანებს შორის თანამშრომლობის გაფართოება ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. დასასრულ, კობა კობალაძემ, გერმანელ მასპინძლებს გულთბილი მიღებისა და საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

კობა კობალაძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ