top_leaderboard

ირანში პოლიციამ „სატანისტური“ შეკრების დარბევის დროს 260 ადამიანი დააკავა

ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად 260-მდე ადამიანი, მათ შორის 3 ევროპელი, დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ „სატანისტური“ შეკრება დაარბია. ინფორმაციას Deutsche Welleადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პოლიციამ დააკავა 146 მამაკაცი და 115 ქალი, რომლებიც არასასურველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ ტანსაცმელზე, თავზე, სახესა და თმებზე სატანისტური ემბლემები და სიმბოლოები ჰქონდათ გამოსახული“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ალკოჰოლი და ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღეს. ერთ-ერთი ადგილობრივი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენები იყო ტექნო მოვლენის მსგავსი შეკრების სცენა.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გამოაქვეყნა შეკრების ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს ნიღბები და მაისურები თავის ქალის ჩონჩხის გამოსახულებით.

ღრმად კონსერვატიულ ისლამურ რესპუბლიკაში მსგავსი შეკრებები აკრძალულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიციამ ასეთი შეკრება დაარბია. ხელისუფლებამ ადრე როკისა და მძიმე მეტალის კონცერტებს სატანისტური შეკრებები უწოდა.

ასევე იხილეთ