top_leaderboard

ავსტრიული გამოცემა: კიტეიშვილმა ნახევარდაცვაში გამორჩეული შემოქმედებითი უნარი გამოავლინა

ავსტრიული გამოცემა laola1 ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ კიტეიშვილის დასახელებას გამოეხმაურა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის აღიარება მისი შემოქმედებითი თამაშის დამსახურებად მიიჩნია.

„ჟიურიმ, რომელიც ბუნდესლიგის პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელებისგან შედგებოდა, საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, ახალწვეული, მწვრთნელი და მსაჯი აირჩია.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გახდა. ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელი გრაცის გუნდის წევრია. „შტურმში“ ჩარიცხვიდან მეექვსე სეზონში 28 წლის ქართველმა ნახევარდაცვაში კვლავ გამორჩეული შემოქმედებითი უნარი გამოავლინა. გაიტანა ცხრა გოლი, ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდთან ერთად ავსტრიის თასი მეორედ მოიგო.

თუმცა წლის მთავარი მიღწევა ჯერ წინაა, მან ავსტრიის ჩემპიონის ტიტული უნდა მოიპოვოს. კიტეიშვილი ჯილდოს ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩის დაწყებამდე მიიღებს, რომელსაც ის ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს“, – წერს laola1.

ასევე იხილეთ