top_leaderboard

ლევან დავითაშვილი: პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია

„მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ დინამიკასთან, ეკონომიკის პროგრესთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტების მხრიდან ისმის, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მოვლენებზე – ეს არის, პრინციპში, გამიზნული პოლიტიკა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს, ანუ ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, არ არის მთლად ღირსეული და საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს“, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ. მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.

„ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება შეაფერხონ, მაქსიმალური ზიანი მოუტანონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ქვეყანა განზოგადებული ცნება არ არის, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ეკონომიკის დაზიანება პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქისა თუ ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარის კურსი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“ – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

„დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აჰყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასევე იხილეთ