top_leaderboard

ოჯახის სიწმინდის დღე ზუგდიდში – მსვლელობა და პარაკლისი ღვთისმშობლის მოზაიკურ ნიშთან

 

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსვლელობა გაიმართა.

ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო, მსვლელობის შემდეგ სამღვდელოებამ ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშთან  სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა.

საზეიმო მსვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დღეს საქართველო აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ჩვენს რეგიონში ავღნიშნავთ ამ დღეს, პატივს მივაგებთ სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს რასაც ჩვენი ოჯახი, მისი სიწმინდე და მშობლების პატივისცემა ჰქვია“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

„მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.  ზუგდიდი უერთდება სიმრავლით ამ დღესასწაულს, ნიშნად ოჯახური სიწმინდის შეუვალობისა და ჩვენი დედ-მამის მიმართ უდიდესი მადლიერებისა! ოჯახი ეს გახლავთ თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე და მას სჭირდება დაცვა. დავიცავთ ჩვენს ფასეულობებს და ფასეულობები დაგვიცავენ ჩვენ“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.

ასევე იხილეთ