top_leaderboard

მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს შეხვდა, რომელიც თბილისში გერმანული კერძო კომპანიების დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.

შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ სტუმრებს წარუდგინა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო მიმოხილული საქართველოს საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენა/განვითარების დინამიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ექსპორტის წახალისების მექანიზმები, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში  და ა.შ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალიან აფასებს პარტნიორობას, მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან წლების განმავლობაში. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები თუ სხვადასხვა აქტივობები  მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ მუდმივად შეინარჩუნოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და საინტერესო იყოს, მათ შორის, გერმანული ბიზნესისთვის, რომელთა წარმომადგენლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედრის ფარგლებში მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ კუთხით შესაბამისი  რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველწლიურად  კიდევ უფრო ვითარდება, რასაც მოწმობს სტატისტიკური მაჩვენებლებიც: 2023 წელს გერმანია იყო მე-4 ადგილზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების რაოდენობით, ხოლო 2024 წლის 1 კვარტლის მონაცემებით, გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის  ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 48%-ით მეტია.

ხაზგასმით აღსანიშნია ასევე მზარდი დინამიკა ავიაციის სფეროში: 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში,  საქართველოსა და გერმანიას შორის  პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ 64.2%-ით მეტი შეადგინა  2023 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით, ხოლო 2023 წელს, 83.2%-ით მეტი მგზავრია გადაყვანილი, ვიდრე  2022 წელს.

ასევე იხილეთ