top_leaderboard

დავით ქართველიშვილი: მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ მართულ აქციებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ამ ქვეყანას: მამულს, ენას, სარწმუნოებას, ვერ დაამარცხებენ – ეს გაუგონარი და წარუმატებელი მისია ჯერ არავის გამოსვლია.

„ნანუკა ჟორჟოლიანს კარგ იდეას ვაწვდი, კეზერას ფულით ნაყიდ აირწინაღებს უსასყიდლოდ გადავცემდი მის ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს. აქ ესენი არ გამოგადგებათ. ეს ფსიქოლოგიური ილეთები: „შევიძენთ ათიათასობით აირწინაღს და ასიათასობით პირბადეს“ – საკუთარი ძალების გამხნევებისთვისაც („აუუუ, რამდენი ვართ!“) არ გამოგადგებათ.

შეგიძლიათ რამდენიმე ასეული „აირუკანაღი” შეიძინოთ ქოუჩებსა და პარტიუკული ბალადიკოებისთვის, XXXL ზომა – გივი თარგამაძისთვის, სახლიდან გაუსვლელად სითხეებს რომ ღვრის „გმირულად”. ბავშვებზე კი გავაგრძელებ ჯიუტად ლოცვას, რამეთუ „არა უწყიან, რასა იქმან”. მათი დაკარგვაც ფუფუნებაა ჩვენთვის. კეთილგონიერი ჯვარცმული ავაზაკის მსგავსად, მათ გადარჩენას ბოლო წამამდე არ უნდა შევეშვათ.

ხშირად მიფიქრია ლგბტ შვილების მშობელთა „ჯვარზე“. ხშირად ვფიქრობ ა.რ.კ. („არა რუსულ კანონს“) მოძრაობის მონაწილეთა დატანჯულ მშობლებზე. დღეს გ.ო.პ.-ნიკების მიერ მათი შვილები ა.რ.კ.-ანოიდებად ჰყავთ გამოყვანილი, მსგავსად ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი პოპულარული კომპიუტერული თამაშისა.

ოღონდ, ეს თამაში აღარაა. სულ რომ ერის უმეტესობა მცირედმორწმუნე და პანიკური შიშებით დასნეულებულ ნაწილს წარმოადგენდეს (და სამწუხაროდ მასეც არის) – ნანუკა ჟორჟოლიანის ლოგისტიკური შეკვეთების „მასშტაბი“ სწორედ ამ სუსტ წერტილებზეა მიმართული. მაგრამ, ამჯერად, განსხვავებით 2003 წლის წარმატებული მცდელობისა, მათ არაფერი არ გამოუვათ.

არ გამოუვათ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გაჩნდა ჯანსაღი, მტკიცე, ღვთივსათნო „გზავნილები“ უფლისადმი, რამაც სრულ „საბრძოლო მზადყოფნაში“ მოიყვანა ზეციური მხედრობა, რომელსაც დღეს აუჯანყდა საერთაშორისო „ლეგიონის“ სრული შემადგენლობა. სააღდგომო უსუსური მცდელობა, ამ მხედრობის გაშარჟებისა თუ შეურაცხყოფის, პირიქით მუშაობს – მისი არა დასუსტების, არამედ, გაძლიერების კუთხით.

წინასააღდგომო სახარების წაკითხვისას, არაერთგზის შეგვახსენეს ქრისტეს ჯვარცმაზე პასუხისმგებლობის ამღები ერის საშინელი თვითწყევლა: „ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი“. საქართველო განსაკუთრებული „ორგანიზმია“ დედამიწის ზურგზე. ის უფლისა და ღვთისმშობლის პირდაპირი მმართველობის ქვეშაა და თუ ხდება სინერგია, თუ ხდება თანხვედრა ზეციურ და მიწიერ ხელისუფალთა შორის – მტრისას! ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას!

დღეს სიცრუეზე, ცილისწამებაზე, საგალობლების „ქავერებზე“, პატრიარქის გინებაზე თუ ხატების კარიკატურირებაზე – საქართველოს „ჯვარცმას“ კი არა, მის მკვდრეთით აღდგომას თუ მიაღწევთ, მსგავსად იმ ლაზარესი, რომელიც ასევე საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა. ასე რომ, საყვარელო მშობლებო, დანო და ძმანო – აირწინაღების შეძენის მაგივრად, ამ ქვეყნის სისხლს „თქვენზე და თქვენს შვილებზე“ უმძიმეს მემკვიდრეობად ნუ გადააქცევთ.

თქვენი შვილების ცბიერი „ქოუჩები“ პილატესეულად „ხელს დაიბანენ“ მხოლოდ და თავის მომაკვდავ კეისარს დაუბრუნდებიან. ამ ქვეყანას: მამულს, ენას, სარწმუნოებას, ვერ დაამარცხებენ – ეს გაუგონარი და წარუმატებელი მისია ჯერ არავის გამოსვლია. ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ