top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე, ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი

„ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკურ პროცესებში სპორტსმენების აქტიურ ჩარევაზე გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სპორტსმენებზე ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა და ხელისუფლება და პირადად ისიც ცდილობდა, ეს ზეწოლა მათთვის თავიდან აერიდებინა.

„დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე, ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ეს რა რთულია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, კარგი იქნება, სპორტსმენებმა, რომლებმაც თავიანთი განცხადებებით მხარე დაიკავეს, ნახონ, როგორ მოქმედებს პოლიცია დასავლეთის ქვეყნებში და შემდეგ შეადარონ ის საქართველოში სამართალდამცავების მოქმედებას.

„მივმართავ ბუდუ ზივზივაძეს, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს „არა რუსულ კანონს“ და პოზიცია დაიკავეს – ნახონ, როგორ დაარბიეს აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენი კაცი დაიჭირეს; გერმანიაში ბრძანდება ბუდუ ზივზივაძე და როგორ ეპყრობიან იქ აქციის მონაწილეებს პოლიციელები და აბა ვინმემ გაუბედოს და რამე უთხრას მათ; საფრანგეთში გზა გადაიკეტა და იქაც დაშალეს აქცია და ანალოგიური ხდება ყველგან… შეადარონ ახლა საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სიტუაცია, შეიძლება ეს ორმაგი სტანდარტი? საქართველოში თურმე მიუღებელია რაღაც და გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში დასაშვებია. თუ თავისუფალი ხარ შენ აზროვნებაში, ერთ მხარეს დგები და როცა შენს უფროს კოლეგას მოღალატედ წარმოაჩენენ, მაგალითად ლევან კობიაშვილს, დავით კაჭარავას და არ გიჩნდება მათ მიმართ სოლიდარობის განცდა, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, რომლის წინააღმდეგაც ერთი ამბავი ჰქონდა ატეხილი მთელ ამ „ბაბლს“ და ახლა სურათებს იღებენ, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო.

ერთხელ გინახავთ, სახალხო დამცველი გამოსულიყო და დაეცვა ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელია? ესენი არიან ახლა აყოლილი დროებას და ცდილობენ, გამოიყენონ ეს ადამიანები. სად იყვნენ მაშინ, როცა გადაფარებული ვიყავი სპორტსმენებს, ჩვენ ვიცით მათი ფასი, არა იმიტომ, რომ ახლა მაგრად თამაშობენ და ხელისგულზე ატარებს მთელი ქვეყანა, არამედ, როცა უჭირდათ, მაშინ ვედექით ჩვენ გვერდში და ამას არც არავის ვაყვედრით.

მინდა ვუთხრა ბუდუ ზივზივაძეს, რომ ვისითაც იმართება ეს პროცესები – „ნაციონალური მოძრაობა“, იცი, როგორ იჭერდა ადამიანებს? ტელე-დაჭერების სერია ჰქონდათ და არ შეიძლება ადამიანებმა იმით გავიმართლოთ თავი, რომ ვიღაც მირეკავს, მაიძულებს, რაღაც პოზა დავიჭირო. არ მინდა, რაღაც წამომცდეს, მეც ვიყავი ახალგაზრდა და ვიცი, რომ აუცილებელია, შეინარჩუნონ სიმტკიცე, იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეს ხინჯი, რომ ვიღაცამ დაგავალა და გათქმევინა რაღაც“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ