top_leaderboard

არჩილ თალაკვაძე: დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში – დღეს უკვე “ნაციონალური მოძრაობა” ჩაუდგა სათავეში აქციებს, ის არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს

“დღეს პრაქტიკულად, რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში, პირდაპირ თქვეს, რომ აქციებს ამიერიდან ისინი ჩაუდგებიან სათავეში. ჩვენ ვთქვით ეს ორი დღის წინ, რომ შემდეგ დღეებში, პირდაპირ იქნებოდა მცდელობა, რომ ამ პოლიტიკურმა უმცირესობამ ძალადობრივი გეგმით გააგრძელოს აქციების მართვა და ის გადაიყვანოს ძალადობაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ აქციის ორგანიზატორობა პირდაპირი გზავნილია საზოგადოებისთვის, რომ აქციების პატრონი უკვე სწორედ ეს პოლიტიკური პარტიაა. თალაკვაძის თქმით, მოქალაქეები, ვისაც მცირე ინფორმაცია მაინც აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნაზე, არ მისცემენ რადიკალებს საშუალებას, მათი პროტესტი ბნელი გეგმებისთვის გამოიყენონ.

“დღეს უკვე, “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩაუდგა სათავეში აქციებს, ეს არის პირდაპირი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ ეს პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს მცირე ინფორმაცია მაინც, ვისაც ახსოვს ეს ხალხი ხელისუფლებაში, ვისაც მართლა სურს, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური განვითარება შენარჩუნდეს, რა თქმა უნდა, არ დადგება “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით და არ მისცემს საშუალებას არავის, რომ მათი მონაწილეობა აქციებში გამოიყენონ იმ ბნელი გეგმებისთვის, რაც აქვს ამ პოლიტიკურ რადიკალურ უმცირესობას”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ