top_leaderboard

სოზარ სუბარი: მათი მიზანია არეულობა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა – კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ისინი სასტიკად წააგებენ

„კარგად იციან, რომ ისინი არჩევნებს აგებენ – ყველაფერს აკეთებენ, რომ არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოახდინონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რაღაცნაირად შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხი ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას. სუბარის შეფასებით, ოპოზიციამ იცის, რომ მიმდინარე წელს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ვერ იმარჯვებს და ცდილობს, ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდეს.
 „ამ შემთხვევაში, კანონი არის უბრალოდ საბაბი – რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ნებისმიერ საბაბს გამოიყენებდა იმისთვის, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ და დესტაბილიზაცია მოეხდინათ. მათი მიზანი არის ქვეყანაში არეულობა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვე არის დარჩენილი და 26 ოქტომბრის არჩევნებს ისინი სასტიკად წააგებენ. ასე რომ არ იყოს, ხომ საერთოდ არ მიაქცევდნენ ყურადღებას ამ კანონს და იტყოდნენ, რომ „6 თვე გავა და ჩვენ შევცვლით ამ კანონს.“ ასევე, ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმ უწყინარ კანონზე, რომელიც საქართველოში ოფშორებიდან ფულის მოზიდვის მცდელობას გულისხმობს და რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა – ეს კანონი დააკავშირეს ბიძინა ივანიშვილს. ისინი ხომ იტყოდნენ „რა კარგია რომ ამ კანონს „ოცნება“ იღებს, რადგან მართლაც ბიძინა ივანიშვილის ფულზე რომ იყოს ლაპარაკი, ივანიშვილი ქვეყანაში ფულს შემოიტანს, შემდეგ ჩვენ დავხვდებით რამდენიმე თვეში და მოვახდენთ მის ექსპროპრიაციას.” კარგად იციან, რომ ისინი არჩევნებს აგებენ. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების გზით მოახდინონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რაღაცნაირად შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ჰყავთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი. როდესაც საქართველოში ძალადობრივი აქციების აღკვეთაზე განცხადებებს აკეთებენ, იყონ სამართლიანები, წესიერები და ზუსტად ისეთი განცხადებები გააკეთონ იმაზეც, რასაც 2 წლის  განმავლობაში ვუყურებდით საფრანგეთში, გერმანიაში და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში. გააკეთონ იგივე განცხადება, როდესაც ამერიკის პოლიცია წესრიგს უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ამყარებს და ძალიან ხშირად უნივერსიტეტების შენობებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ასევე იხილეთ