top_leaderboard

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს არ არის ის პერიოდი, ვიღაცამ ვიღაცის ჩაი დალიოს – სიმართლე არის ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარეს

„პარლამენტში დაპირისპირებებიც დესტრუქციული სცენარის ნაწილია, რაც გარედან, მათი პატრონების მხრიდან არის დაკვეთილი. რადიკალები მართალია ცუდი შემსრულებლები არიან, მაგრამ, ცდილობენ, რომ ეს დაკვეთა შეასრულონ – პარლამენტის კედლებიდან მიაწოდონ დოპინგი და ენერგია გარეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ, რომ დესტრუქციულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ“, –  ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მცირე ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების რყევას ცდილობენ, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან დღეს სახელმწიფო ძლიერია.

„პოლიტიკური უმცირესობის დომინანტად ქცევა გამორიცხულია, რადგან საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას, ევროკავშირში ღირსეულ გაწევრიანებას და არა ცალ ფეხზე დგომას უჭერს მხარს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, მხარს უჭერს მშვიდობასა და სტაბილურობას. ის მცირე ჯგუფები კი, [რომლებიც ხელისუფლების რყევას ცდილობენ] – ზოგი უნებლიედ, ზოგი განზრახ, ზოგი შავი ფულის ფასად, ზოგი სხვადასხვა დაპირებების გამო და ა.შ. ამას ვერ შეძლებენ, რადგან დღეს სახელმწიფო ძლიერია. დღეს არ არის ის პერიოდი, ვიღაცამ ვიღაცის ჩაი დალიოს – ეს გამორიცხულია. სიმართლე არის ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარეს. გამჭვირვალობის შესახებ ამ ქართული კანონით ვცდილობთ ქვეყანა დავაზღვიოთ იმისგან, რომ გარედან შემოსული შავი ფულით არ იმართებოდეს ქართული პოლიტიკა და დესტრუქციის გზით ქვეყანა ომში არ ჩართონ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ