top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს, ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს

„როდესაც კონკრეტული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ემსახურებოდნენ, ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და არა უცხოურ ინტერესებს, ამას ცალსახად ვერ დავეთანხმები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას მათი სტიგმატიზების მცდელობაში ადანაშაულებენ, საქართველოს ინტერესებისთვის არ მუშაობენ.

„კონკრეტულად ეს ადამიანები მუშაობენ სწორედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებმაც არ დაასვენეს ჩვენი ქვეყანა მთელი ამ წლების განმავლობაში, მუდმივად არიან რადიკალიზაციაზე, ცდილობენ პოლარიზაციას, ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას. პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ კონკრეტულად ეს ადამიანები და ცდილობდნენ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას უცხოური ფულით. საუბარი მაქვს ცნობილ მდიდარ NGO-ებზე, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად, დონორების მიერ აქ NGO–ების დაფინანსებას, როდესაც დონორი საქართველოში აფინანსებს კონკრეტულ ორგანიზაციას, ამ დონორისთვის პრიორიტეტული ყველა შემთხვევაში არის საკუთარი ინტერესების გატარება. თუ დაემთხვევა ეს ინტერესები საქართველოს ინტერესებს კი ბატონო, მაგრამ არის არაერთი შემთხვევა, როდესაც არა თუ არ ემთხვევა დონორის ინტერესები საქართველოს ინტერესებს, პირიქით – პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ საკვანძო ინტერესებსაც კი. ამიტომ, ჩვენ არაფერს ვზღუდავთ, ერთადერთი რასაც ვამბობთ, როდესაც შემოდის უცხოური გავლენა და უცხოური ინტერესები საქართველოში ფულის სახით და ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ, ნებისმიერ სამეცნიერო ნაშრომში, სადაც შედის ფული, იქ შედის გავლენა და ინტერესები. ეს ისეთი ორჯერ ორი ოთხია, რომ ამის ეჭვქვეშ დაყენება უბრალოდ შეუძლებელია. უბრალოდ არ შეიძლება, ეს ყველაფერი გახდეს სადავო. ამიტომ, ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს. თუ არ შეეგუება, მოუწევს სათანადო პროპორციული ჯარიმის გადახდა, 25 ათასი ლარი, 20 ათასი ლარი და ა.შ. ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს, პატივს სცემს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ