top_leaderboard

ირაკლი ქადაგიშვილი: ვინც ამ პროცესს მართავს და ახალგაზრდების ხარჯზე უნდათ თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა, იმ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ არათუ ამ კანონთან, ნებისმიერ კანონთან ჰქონდეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინც ამ პროცესებს მართავს, ახალგაზრდების ხარჯზე სურს თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა

„საქართველოში დღეს აქცია ჩვეულებრივი მოვლენაა, აღარ ირბევა, აქციის მონაწილეებს აღარ ასისხლიანებენ, აღარ კლავენ, მათ ოჯახებს აღარ დასდევენ და ა.შ. აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში. ახალგაზრდა ემოციურია თავის ქმედებაში, მაგრამ ვინც ახალგაზრდებს ამოფარებულია, ამ პროცესს მართავს და ახალგაზრდების ხარჯზე უნდათ თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა, იმ ადამიანებს რა თქმა უნდა არავითარი სურვილი არ გააჩნიათ არათუ ამ კანონთან, ნებისმიერ კანონთან ჰქონდეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ევროკავშირს გაიძახიან და ორი დღის წინ, პარლამენტმა მიიღო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი კენჭისყრაშიც არ მიიღო მონაწილეობა. ევროკავშირი და ევროპა მათთვის არის ის ერთგვარი საბაბი, რითაც ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გამჭვირვალობის კანონპროექტს დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირამდე, კომიტეტზე, მეორე მოსმენით განიხილავენ. მეორე მოსმენაზე პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ