top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან

„როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა პაპუაშვილს ჰკითხა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება, თუ არა და ხელისუფლება რა კომპრომისისთვის არის მზად.

„ჩვენ მოგვეზღვება ჩვენი საქმეებისთვის. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად. ამიტომ აქ მართლა დგას საკითხი იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. ილია ჭავჭავაძე ლამის თავის ერთ-ერთ სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას „ენჯეობის“ და ოპოზიციის სიმბიოზს. მაისურებზე აქვთ დატანილი მისი სტენსილები, ნახატები. საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს და რა ფილოსოფიას ატარებდა ილია ჭავჭავაძე. ლოზუნგებად ჰგონიათ ეს ყველაფერი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს“ – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ? – მაშინ, როდესაც აზომბირებენ საკუთარ მომხრეებს იმ საკითხში, [თითქოს] ჩვენ არ გვაქვს უნარი მოსამართლეები დავნიშნოთ, უცხოელები უნდა ჩამოვიდნენ აქ, როგორც მაშინ ჩამოდიოდნენ, ილია ჭავჭავაძის დროს და უნდა გვინიშნავდნენ აქ მოსამართლეებს, რადგან ჩვენ ამისი ტვინი არ გვაქვს, გამოცდილება, თუ რა ჰგონიათ? სანამ ეს მყვირალა უმცირესობა არ გააცნობიერებს, რომ ევროპა გულისხმობს, რომ უნდა იყო სახელმწიფო და გქონდეს აღქმა სუვერენიტეტის, იქამდე არათუ არ მიგვიღებენ, ჩვენი ადგილიც არ არის ევროპაში. ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფო, მერე იქნება ჩვენი ადგილი ევროპაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ