top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს სირცხვილი იქნება თუ გიგაურისა და ლომჯარიას დეკლარაციის გამო ქვეყანას რევოლუციას მოუწყობენ

„პრიმიტიულ, უმეცარ კითხვაზე – სად გინდა შენ, რუსეთში თუ ევროპაში? რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანის პასუხი ერთია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, აქციების უკან, რომელიც რამდენიმე დღეა იმართება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომელშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხალხის დასანახად გასული ცნობილი სახეები შედიან.

ყაველაშვილმა ისაუბრა, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებზეც და მოუწოდა მათ დრო დაუთმონ პრემიერ-მინისტრის დღეს გამართულ ბრიფინგს, სადაც ის დეტალურად საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„განა ფეხბურთელებს თავიანთი პოზიცია არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, ამას არავინ ამბობს – საქართველო მათი ქვეყანაა და დიახ, ყველა მოვლენაზე თავიანთი აზრი უნდა გააჩნდეთ. უბრალოდ რჩევის სახით ვეტყვი, დღეს ბრიფინგი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვათა შორის ნაკრების დიდი გულშემატკივარია და დეტალებში განმარტა თუ რა პროცესებთან გვაქვს დღეს საქმე. ექნებათ ბიჭებს იმის საშუალება, რომ ოცი წუთი გამოყონ და მოუსმინონ რას საუბრობს პრემიერ-მინისტრი გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით. სხვათა შორისს ისინი ევროპაში თამაშობენ და დიახ ჩვენ გავკვალეთ გზა, რომ მათ დღეს ევროპაში ეთამაშათ. ამ ბიჭებსაც უწევთ გამოწვევების გადალახვა, თქვენ რა გგონიათ, რომ ყველა კეთილად არის განწყობილი მათ მიმართ? ამ პრიმიტიულ, უმეცარ კითხვაზე – სად გინდა შენ, რუსეთში თუ ევროპაში? რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანის პასუხი ერთია.

მინდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დგანან აქციაზე ვუთხრა, იმ ადამიანების უკან, რომლებიც მათ აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ, დგას ეკა გიგაური, რომლის ორგანიზაციას გამჭვირვალობა ჰქვია და რომელმაც დღეს გააზიარა პოსტი, სადაც წერია, რომ 83 კუბო უნდა წარმოადგინონ პარლამენტარებისთვის და ჩვენ ამ კუბოში უნდა შევწვეთ. არის მოწოდებები, რომ მოღალატეებს გაგვანადგურებენ და რატომ უნდა გაგვანადგურონ? ჩვენს სახელმწიფოს, რომ ვიცავთ და მათი ორგანიზაციების გამჭვირვალობას, რომ მოვითხოვთ? იმისთვის, რომ გვინდა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება ნახოს ის დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება თუ საიდან ფინანსდებიან.

საქართველოს სირცხვილი იქნება თუ გიგაურისა და ლომჯარიას დეკლარაციის გამო ჩვენს ქვეყანას რევოლუციას მოუწყობენ სულის ამოხდით ემუქრებოდა საქართველოს გივი თარგამაძე, რომელიც აქციაზე გამოჩნდა და პოლიციელებს ამუნათებს. შოთა უტიაშვილი, ბაჩო ახალაი, გვარამია, მელია და მთლიანად „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. ეს ხალხი გვამუნათებს დღეს ჩვენ. ეს ადამიანები დგანან ამ აქციების უკან. ამიტომაც გვსურს, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაქრობა და გასამართლება,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ