top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: თანხმობის შემთხვევაში, მე და ევროკავშირის ელჩები დავსხდებით, გავცვლით არგუმენტებს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, გპირდებით, იქიდან იქნება ნული არგუმენტი

„დავსხდებით მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოდგენილი, რადგან ბუნებაში არ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უცხოელების მხრიდან არ არის წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ.

„დღეს კიდევ ერთხელ გვქონდა საუბარი არგუმენტებზე, ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, უცხოელები ვერ წარმოადგენენ არგუმენტს, უბრალოდ არგუმენტი არ არსებობს, რატომ შეიძლება იყოს ცუდი, გკითხო, ფულს რაში ხარჯავ და ქართველ ხალხს გავაგებინო, დასამალი რა გაქვს. თუ კარგ საქმეს აკეთებ და ქველმოქმედებით ხარ დაკავებული, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას. პირობითად, მე ვაფინანსებ სოფლის მეურნეობის პროექტებს, ამაზე ვხარჯავ ფულს, რა არის დასამალი, გამოაქვეყნე, როდის, რამდენი ვის მიეცი, საზოგადოება თუ მიიღებს ამაზე ინფორმაციას წელიწადში ერთხელ, ამაში ცუდი რა არის? იმდენად აბსურდულ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ დათანხმდებიან, დავსხდებით მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოდგენილი, რადგან ბუნებაში არ არსებობს. და არა იმიტომ, რომ ელჩები მომზადებული არ იქნებიან და ინტელექტი არ აქვთ, უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ, ბუნებაში ვერავინ დაგიმტკიცებს, რომ ფულის ჩვენება არის ცუდი.

უფლება არ მაქვს, ვისაუბრო, რა არგუმენტებით საუბრობენ დახურულ შეხვედრებზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას, როცა გვქონდა საუბარი სამ ელჩთან, მათ უბრალოდ გზავნილი გადმოგვცეს, არ უსაუბრიათ, მსჯელობაში არ შევსულვართ ერთმანეთთან. მე მქონდა ჩემი არგუმენტები, მაგრამ მათ მხოლოდ გზავნილი გადმოგვცეს, გაგვიზიარეს, რა მოსაზრება არსებობს ევროკავშირში, ეს იყო ძირითადი მიზანი”, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ