top_leaderboard

ირაკლი ზარქუა: ქართველი ხალხის ნებაა, ღია და გამჭვირვალე იყოს თითოეული ცენტი, რაც დაიხარჯება როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში – ჩვენ ვართ ევროპულობის მომხრე, ევროპელობა ნიშნავს ღიაობას და გამჭვირვალობას

„ბატონი ქადაგიძე დანარჩენ უსამშობლოებთან ერთად, არის ის ადამიანი და ლიდერები, ვინც ხელმძღვანელობდნენ [აქციას], არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ კვლავინდებურად და ბოროტად გამოეყენებინათ მათი ნდობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, მთავარია ის, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას სურს, გამჭვირვალე იყოს საზღვარგარეთიდან არასამთავრობოების და მედია-ორგანიზაციებისთვის შემოსული დაფინანსება.

„ე.წ. ლიდერებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ, ისევ ცალ ფეხზე მდგარიყვნენ საგარეო დაკვეთის შესასრულებლად და ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც იმ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა – ესეც ჩაივლის. მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხის ნებაა, ღია და გამჭვირვალე იყოს თითოეული ცენტი, რაც დაიხარჯება, როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ევროპულობის მომხრე, ევროპელობა ნიშნავს ღიაობას და გამჭვირვალობას. 20 პროცენტზე მეტი ვისაც ექნება საგარეო დაფინანსება, ბუნებრივია, მოუწევთ მათ დეკლარირება – ეს არის და ეს“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.

 

ასევე იხილეთ